Monday, January 27, 2014

ბიო-ტეკი და ეკო-არქიტექტურა

    თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი წარმმართველი მიმდინარეობებია ბიო-ტეკი, ანუ არქიტექტურული ბიონიკა და ეკო-ტეკი, ანუ მწვანე არქიტექტურა.  ეს სტილები ძალზე აქტუალურ ბუნებრივ და ეკოლოგიურ პრინციპებს ეყრდნობიან. ამავე დროს, ამ სტილის ნაგებობები სულ უფრო უახლოვდებოდა ორგანულ, ცოცხალ ბიოლოგიურ ფორმებს, რისი ნათელი მაგალითია თუნდაც მექსიკელი არქიტექტორის, ჰავიერ სენოსიანის "ნაუტილუსი" - ნიჟარის ფორმის საცხოვრებელი სახლი. 

















      ორგანული ფორმების გამოყენებას ვხედავთ იორნ უტცონის სიდნეის ოპერის ცნობილ შენობაში. 


   









  აშკარად ორგანულ ფორმას მოგვაგონებს ნორმან ფოსტერის ცნობილი ნაგებობა, ლონდონის "სენტ მერი ექსი", რომელსაც შემთხვევით არ შეარქვეს "სიმინდის ტარო" და მისივე შექმნილი ლონდონის მერიის შენობა. ამავე დროს, ეს შენობები იმის ნათელი მაგალითია, რომ, გარდა ბუნებრივი ფორმების გამოყენებისა, თანამედროვე არქიტექტურა აგრეთვე იწყებს ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივი რესურსების - ენერგიის, განათების, სითბოს ეკონომიის საკითხების გადაჭრასაც. აქ გამოყენებული მასალები და ტექნოლოგიები სწორედ რესურსების ეფექტიანი ეკონომიის საშუალებას იძლევა.




   
  ნამდვილ ტექნოლოგიურ ნახტომს, გარღვევას თანამედროვე არქიტექტურაში წარმოადგენს დევიდ ფიშერის "დინამიური ცათამბჯენები", სადაც სართულები არა მარტო ცენტრალური ღერძის გარშემო მოძრაობს, რითიც განათების უფრო ეფექტიანი გამოყენება ხერხდება, არამედ ისინი აგრეთვე აღჭურვილია მზისა და ქარის ტურბინებით, რაც ამ ნაგებობების სრულ ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ბიო-ტეკის არქიტექტურა წარმოაჩენს ფილოსოფიურ კონცეფციას, რომლის არსი მდგომარეობს ადამიანისთვის ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, სადაც გაერთიანებული იქნება ბიოლოგიის, საინჟინრო საქმის და არქიტექტურის პრინციპები. სწორედ ეს უწყობს ხელს ასეთი ნაგებობების ეკოლოგიურობას. მაგალითად, შენობებში აყენებენ მზის და ქარის ბატარეებს, წვიმის წყლის შესაგროვებელ კოლექტორებს, ტერასებს მწვანე ნარგავებისთვის, ითვალისწინებენ ბუნებრივ განათებასა და ვენტილაციას. მწვანე არქიტექტურის პრინციპების შესაბამისად, იდეალში, მომავლის საცხოვრებელი უნდა წარმოადგენდეს ავტონომიურ თვითკმარ სისტემას, რომელიც ორგანულადაა ჩაწერილი ბუნებრივ გარემოში და ჰარმონიულად თანაარსებობს მასთან.
.

Wednesday, November 27, 2013

Frank Lloyd Wright



Frank Lloyd Wright

Frank Lloyd Wright (born Frank Lincoln Wright, June 8, 1867 – April 9, 1959) was an American architect, interior designer, writer and educator, who designed more than 1000 structures and completed 532 works. Wright believed in designing structures which were in harmony with humanity and its environment, a philosophy he called organic architecture. This philosophy was best exemplified by his design for Fallingwater (1935), which has been called "the best all-time work of American architecture".[1] Wright was a leader of the Prairie School movement of architecture and developed the concept of the Usonian home, his unique vision for urban planning in the United States.
His work includes original and innovative examples of many different building types, including offices, churches, schools, skyscrapers, hotels, and museums. Wright also designed many of the interior elements of his buildings, such as the furniture and stained glass. Wright authored 20 books and many articles and was a popular lecturer in the United States and in Europe. His colorful personal life often made headlines, most notably for the 1914 fire and murders at his Taliesin studio. Already well known during his lifetime, Wright was recognized in 1991 by the American Institute of Architects as "the greatest American architect of all time."[1]






Fallingwater













Robie house



Taliesin West














Kenneth Laurent House


















Guggenheim museum










Greek Orthodox Temple






 Johnson Wax Building




Thursday, November 7, 2013



არქიტექტურა, გარემო, მედია

თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ეკოლოგია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და სხვა საკითხები. საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი ამ პრობლემებისადმი გამოიკვეთა მეოცე საუკუნის სამოციან-სამოცდაათიან წლებში, როდესაც კაცობრიობის წინაშე წამოიჭრა გარემოს დაცვის პრობლემა და აშკარა გახდა ადამიანის საქმიანობის ზოგიერთი მავნე შედეგისაგან მისი დაცვის აუცილებლობა (დასავლეთში ეკოლოგიური მეცნიერების ამ პრაქტიკულ განშტოებას „ენვაირონმენტოლოგიას“ უწოდებენ). სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მრავალი ეკოლოგიური ორგანიზაცია  - გრინპისი, UNEP და სხვები.
ცხადია, რომ საზოგადოების ესოდენ დიდი ინტერესის სფერო ვერ დარჩებოდა მედიის ყურადღების მიღმა, მით უმეტეს, რომ ხშირად თვით ეს ინტერესი სწორედ ჟურნალისტთა საქმიანობის, მათ მიერ ეკოლოგიური საკითხების პოპულარიზაციის შედეგი იყო.  და თანდათანობით გამოიკვეთა ჟურნალისტიკის განსაკუთრებული დარგი, რომელიც აშუქებს გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს - ეკოლოგიური ჟურნალისტიკა.[1] დღესდღეობით ეს უკვე სავსებით ჩამოყალიბებული და განვითარებული დარგია, არსებობს მრავალი ეკოლოგიური, ანუ, როგორც მათ უწოდებენ, „მწვანე“ ჟურნალ-გაზეთები, ვებ-გვერდები, რადიო და ტელეგადაცემები და მთელი დოკუმენტური ტელეარხები, რომლებიც გარემოს, მასთან ურთიერთობას და მისი დაცვის საკითხებს განიხილავს (მაგ., Animal Planet, BBC Wildlife, National Geographic, Viasat Nature და სხვ.), შეიქმნა ეკო-ჟურნალისტთა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციები, ტარდება ეკო-ჟურნალისტიკის საკითხებს მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრები და ა.შ.[2] ყოველივე ამის მიზანია ბრძოლა ატმოსფეროს და ჰიდროსფეროს დაბინძურებასთან, ცხოველთა სამყაროს დაცვა, ბუნებრივი რესურსების გაჩანაგებასთან ბრძოლა და ა.შ.
ამ თვალსაზრისით, ადამიანისა და გარემოს ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი უკავშირდება არქიტექტურას, რადგანაც სწორედ არქიტექტურა ქმნის ადამიანისთვის აუცილებელ ხელოვნურ გარემოს და მასთანაა დაკავშირებული რაციონალური ქალაქგეგმარების, ტრანსპორტის, რესურსების ეკონომიის ფაქტორები,  ისევე, როგორც ამ შენობებში მცხოვრებთა ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღისთვის აუცილებელი პირობების შექმნის პრობლემები,_ მოკლედ, საღი, უსაფრთხო და ესთეტიკურად სრულყოფილი გარემოს შექმნის საკითხები.
აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია, რომ იმავე პერიოდში, მეოცე საუკუნის ბოლოს - ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა არქიტექტურული მიმდინარეობა _ „ეკოლოგიური“, ანუ „მწვანე“ არქიტექტურა. შემთხვევითი არ არის, რომ ეკოლოგია, როგორც ცნება, დღესდღეობით მჭიდროდ დაუკავშირდა არქიტექტურის, სახლის, საცხოვრებლის თანამედროვე გაგებას, თვით სიტყვა „ეკოლოგიაც“ ხომ ბერძნული „ოიკოს“_ „სახლიდან“ მოდის. 
ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა გარემოს შესწავლა და ეკოლოგიური ცოდნის დაგროვება, ისევე, როგორც არქიტექტურის გარემოსთან კავშირი, უძველესი დროიდან მოდის, „ეკოლოგიური ხელოვნების“ და კერძოდ „ეკოლოგიური არქიტექტურის“ აყვავება მაინც მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან დაიწყო და იგი დიდად იყო დამოკიდებული საზოგადოებრივი აზრის მოთხოვნაზე, რომელიც მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ დროისთვის განვითარებული ახალი ჟურნალისტური დარგის _ „ეკო-ჟურნალისტიკის“ მიღწევებით იყო განპირობებული.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეისთვის ჩვენთვის სრულიად ბუნებრივი მიდგომა ეკოლოგიისადმი და ბუნების დაცვის აუცილებლობის შეგნება ოდესღაც სრულიადაც არ წარმოადგენდა ერთადერთ შესაძლო შეხედულებას: ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, მაგალითად, სრულიად ჩვეულებრივი იყო მსჯელობა ჭაობების სრული ამოშრობის, უდაბნოების გამწვანების, მდინარეების კალაპოტების კარდინალური შეცვლის, „მავნე“ ცხოველების ტოტალური მოსპობის შესახებ და ა.შ.
ხაზი უნდა გაესვას იმ მნიშვნელოვან მომენტსაც, რომ მედიის მიერ არქიტექტურის საკითხების გაშუქებისას ხდება ჟურნალისტიკის ორი დარგის - უკვე ხსენებული ეკო-ჟურნალისტიკის და არტ-ჟურნალისტიკის ინტერესის სფეროების  შეთავსება, ვინაიდან ხელოვნებისა და გარემოს ურთიერთკავშირი უაღრესად მრავალფეროვანი და მრავალპლანიანია. ადამიანი ხომ გარემოში არსებობს: სახლი, ქუჩა, ქალაქი, მთელი პლანეტა - ეს ყველაფერი ადამიანის ხელით შექმნილი ან ბუნებრივი გარემოა, სადაც მთელი ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს. ცხადია, რომ ხელოვნებაც მჭიდროდაა დაკავშირებული გარემოსთან.
ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით, არქიტექტურის კავშირი ბუნებასთან განსაკუთრებით ნათელია, რადგანაც, მათგან განსხვავებით, იგი არის არა მხოლოდ ადამიანის ესთეტიკურ მისწრაფებათა ნაყოფი, არამედ პრაქტიკული აუცილებლობაც - მისი მიზანი ხომ ადამიანის არსებობისთვის საჭირო ხელოვნური გარემოს შექმნაა. ამიტომ არქიტექტურა ყოველ ეპოქაში, თავისი განვითარების მთელ მანძილზე,  წარმოადგენდა ხელოვნების, საინჟინრო მეცნიერებისა და საამშენებლო ტექნოლოგიების მტკიცე შენაერთს. ამის შესახებ ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში წერდა დიდი რომაელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი ვიტრუვიუსი, როდესაც არქიტექტურის არსს ხედავდა ფორმულაში „სარგებლობა, სიმყარე, სილამაზე“.[3] ეს შეხედულება დღესაც სავსებით აქტუალურია.
„არქიტექტურა წარმოადგენს ადამიანთა მოღვაწეობის ფართო დარგს ნაგებობების, შენობებისა და კომპლექსების აგების სფეროში, რაც საზოგადოების მოთხოვნილებებს შეესაბამება. მის ნაწარმოებებში განუყოფლადაა შეხამებული უტილიტარულ ამოცანათა გადაჭრა და მხატვრული შემოქმედება - არქიტექტურულ სახეთა შექმნა, რომელთა იდეურ-მხატვრული შინაარსი აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ცნობიერებაზე.“[4]
როგორც აღინიშნა, ეკოლოგიური“, ანუ „მწვანე“ არქიტექტურა გაჩნდა მაშინ, როდესაც ტექნიკური პროგრესის შედეგად გარემოში მომხდარი სერიოზული ცვლილებების გამო წარმოიშვა მრავალი პრობლემა და ეკოლოგიური საფრთხე. ამის პასუხად, სამოცდაათიანი წლების ბოლოს ამერიკელმა არქიტექტორმა და ეკოლოგმა მაიკლ რეინოლდსმა წამოაყენა „მწვანე სახლის“, ანუ, როგორც მას კოსმოსურ ხომალდთან ანალოგიით უწოდეს, „მიწიერი სახლის“[5] იდეა. ასეთი სახლი  სრულ ჰარმონიაშია ბუნებასთან. მას გააჩნია წყლითა და ენერგიით მომარაგების, ფილტრაციისა და სხვა ავტონომიური ბუნებრივი სისტემები. მაგალითად, ასეთ სახლში წყალი სახურავზე მოთავსებულ ავზებში გროვდება წვიმისა და თოვლის სახით, ნახმარი წყალი კი იფილტრება მცენარეების მეშვეობით და კვლავ შედის სისტემაში. ენერგიას მზე და ქარი გამოიმუშავებს. ბუნებრივი საშუალებებით წყდება ვენტილაციის, გათბობისა და გაგრილების პრობლემებიც, მაგალითად, სამხრეთისკენ მიმართული მინის დიდი კედელი ისეთი კუთხითაა დახრილი, რომ ზამთარში მზის სხივები მას პირდაპირ ეცემა, ზაფხულში კი - არა, რაც საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. „მიწიერი სახლი“ შენდება მეორადი მასალებისაგან - მიწით სავსე ძველი საბურავებისაგან, ცარიელი ბოთლებისა და ქილებისაგან, კერამიკისაგან. მისაღებია აგრეთვე ბუნებრივი მასალების - ქვის, თიხის, ხის, ბამბუკის გამოყენება, მაგრამ, ავტორის იდეით, ასეთი სახლი რაც შეიძლება იაფი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
 თუმცა ასეთი შენობების მთავარი იდეა სუფთა პრაგმატული იყო და გარემოს დაბინძურებისა და რესურსების ზედმეტი ხარჯვის თავიდან აცილებაში მდგომარეობდა, ამავე დროს მათი ჰორიზონტალურად გაშლილი, ტალღოვანი ფორმები, უჩვეულო ინტერიერები მინისა და კერამიკის მჟღერი ორნამენტებით ძალზე დეკორატიულია და კარგადაც შეეხამება გარემოს.
 მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეთა მიჯნაზე ეკოლოგიური შენობების უკვე მრავალი სახეობა არსებობს. მაგალითად, იაპონელი არქიტექტორის, კაცუიო სეჯიმას „ტყის სახლი“, რომელიც ცივ, მთიან გარემოშია აშენებული, ესკიმოსების თოვლის სახლის - იგლუს ზოგიერთ ელემენტს იყენებს.
მაგრამ ეკოლოგიური არქიტექტურის პრინციპების ხორცშესხმა საჭიროა არა მარტო მცირეგაბარიტიან კერძო სახლებში, არამედ მრავალბინიან ქალაქურ საცხოვრებლებშიც. მაგალითად, ავსტრალიური ფირმის „ჰანსენ იუნკენის“ სპეციალიზაცია სწორედ ასეთ „მწვანე“ სახლების მშენებლობაა.
ეკოლოგიური არქიტექტურის იდეები სულ უფრო მეტად ვრცელდება, მათი რეალიზაციაც დღითიდღე ფართოვდება. აშენებულია უკვე მთელი მწვანე დასახლებები, მაგალითად, მზიანი პარკი  გერმანიაში, რომლის ე.წ. „ბიოსოლარული სახლები“ არამარტო აღჭურვილია მზის ბატარეებით  - ისინი აგრეთვე სრულებით არ აბინძურებს გარემოს, გამოყენებული წყალიც კი აქ იფილტრება მცენარეების მეშვეობით, რომლებიც შთანთქავენ ბაქტერიებს.
მწვანე არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითია მექსიკელი არქიტექტორის, ხავიერ სენოსიანის ორიგინალური სახლი „ნაუტილუსი“, რომელიც ლოკოკინას ფორმას იმეორებს.[6] აქ სავსებით უარყოფილია ტრადიციული გეომეტრია: ჭერის და იატაკის ჰორიზონტალები, ვერტიკალური კედლები, მართკუთხა ფორმის ოთახები - არაფერი მსგავსი აქ არ არის, ყველა ფორმა ტალღოვანი და მომრგვალებულია, შიგა სივრცის სექციები კი რბილად, შეუმჩნევლად გადაედინება ერთმანეთში. მჟღერი, ფერადოვანი დეკორი კიდევ უფრო ორიგინალურ და პოზიტიურ იერს ანიჭებს ნაგებობას.
ამჟამად ეკოლოგიური პრინციპები ცათამბჯენების მშენებლობაშიც კი ინერგება, თუმცა ეს გაცილებით მეტ ტექნიკურ სირთულეებთან და დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ეკო-არქიტექტურის ამ განხრას „ბიონიკური არქიტექტურა“, ანუ „ბიო-ტეკი“ ეწოდება. მისი მიმდევრები უარს ამბობენ ტრადიციული ცათამბჯენების მართკუთხა, გეომეტრიულ ფორმებზე: მათი ნაგებობების მხატვრული გამომსახველობა ბუნებისაგან ნასესხებ ორგანულ ფორმებს ემყარება, ასევე ბუნების არსენალიდანაა აღებული ზოგიერთი უახლესი საამშენებლო ტექნოლოგიაც, მაგალითად, „ფიჭისებური“ კონსტრუქციის გუმბათები, ბალახის ღეროს აგებულების მქონე, უაღრესად სეისმოგამძლე ვერტიკალური კონსტრუქციები, ობობის ქსელის ფორმის კონსტრუქციები და ა.შ.  
ბიო-ტეკის სტილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობებია თანამედროვე ინგლისელი არქიტექტორის ნორმან ფოსტერის ლონდონის მერიის შენობა და ცათამბჯენი „სენტ მერი ექსი“ . მათი უჩვეულო ბიომორფული ფორმები და შინაგანი სტრუქტურა მხოლოდ ესთეტიკური მოსაზრებებით არაა განპირობებული - იგი ხელს უწყობს ბუნებრივ განათებასა და ვენტილაციას, რითიც მნიშვნელოვნად იზოგება ენერგიის ხარჯები: ეს ცათამბჯენები ჩვეულებრივზე 50%-ით ნაკლებს საჭიროებენ. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება მიკროკლიმატის და ეკოლოგიური უსაფრთხოების მუდმივი კონტროლის საშუალებას იძლევა.
საინტერესოდაა გამოვლენილი ბიო-ტეკის პრინციპები საინჟინრო ნაგებობების: ხიდების, ტელეანძების, ვაგზლების არქიტექტურაში ცნობილი ესპანელი ხუროთმოძღვრისა და მოქანდაკის, სანტიაგო კალატრავას[7] მიერ. ეს ნაგებობები, რომლებიც, თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, თითქოს უფრო ტექნიცისტური, მკაცრი ესთეტიკის მატარებელი უნდა იყოს, კალატრავას ფანტაზიამ მოულოდნელად დენად, ტალღოვან, რომანტიკულ ფორმებში წარმოადგინა. ამავე დროს, მისი ეს ნამუშევრები კონსტრუქციული მხრიდანაც სავსებით პრაქტიკულია.
ეკოლოგიური თვალსაზრისით მეტად გააზრებულია აგრეთვე დევიდ ფიშერის სუპერთანამედროვე „დინამიკური ცათამბჯენები“, სადაც ყოველი სართული დამოუკიდებლად მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო. ეს საშუალებას აძლევს ბინებში მცხოვრებს, თავად შეარჩიოს განათების ინტენსივობა და სურვილისამებრ შეცვალოს სარკმლის ხედები, რაც ფსიქოლოგიურად უფრო აკავშირებს მას გარემოსთან. ამავე დროს, ეს ცათამბჯენები, ენერგიის ბუნებრივი წყაროების - ქარისა და მზის გამოყენების წყალობით, სრულიად ავტონომიურია ენერგერგეტიკული თვალსაზრისით.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ ეკოლოგიური არქიტექტურის ზემოთ აღნიშნულ ნაწარმოებებში ძირითადი ყურადღება ექცეოდა რესურსების ეკონომიისა და ბუნების დაბინძურების აღკვეთის საკითხებს, თანამედროვე არქიტექტორთა მეორე ნაწილს უფრო აინტერესებდა ისეთი ნაგებობების შექმნა, რომლებიც, ერთის მხრივ, იქ მცხოვრებთათვის ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს, ხოლო მეორეს მხრივ, სრულ ჰარმონიაშია ბუნებასთან. ეს ასპექტი ნათლადაა გამოვლენილი ავსტრიელი მხატვრისა და არქიტექტორის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის შემოქმედებაში. მას მიაჩნდა, რომ შენობათა სტანდარტული, გეომეტრიზირებული ფორმები იმდენადაა მოწყვეტილი ცოცხალ ბუნებას, რომ ამით უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკას. ხელოვანის აზრით, მისი ნაგებობების მჟღერი ფერადოვნება, სხვადასხვა დონეებზე თავისუფლად განლაგებული სარკმლები და ბალახითა და ბუჩქებით დაფარული სახურავები და კედლები სწორედ სახლების „გაცოცხლებასა“ და იქ მცხოვრებთა ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების მიზანს ემსახურება. ანუ, მისი შემოქმედება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად აქტუალურია დღესდღეობით არქიტექტურის ბუნებასთან კავშირის იდეა.
ჩვენ შეგვიძლია ავღნიშნოთ არქიტექტურისა და ბუნების ურთიერთკავშირის ისეთი მაგალითებიც, სადაც პრაქტიკული სარგებლიანობის უტილიტარული მომენტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, სადაც მეტად დომინირებს სუფთა ესთეტიკური მომენტები და ნაგებობის გარემოსთან კავშირი გაცნობიერებულ მხატვრულ ამოცანას წარმოადგენს. მაგალითად, დიდი ესპანელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის თავისუფალი, სკულპტურული ფორმები ცოცხალ ბუნებასთან იწვევს ასოციაციას და ამავე დროს ერთგვარი ფანტასტიკის ელფერს ატარებს. ან გავიხსენოთ თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვანის, ამერიკელი არქიტექტორის და დიზაინერის, ფრენკ ლოიდ რაიტის „პრერიის სტილის“ სახლები - ჰორიზონტალურად გაშლილი, უმეტესწილად ერთსართულიანი, დაქანებული და წინ გამოწეული სახურავებით, ხითა და ქვით მოპირკეთებული ინტერიერებითა და ბაღებში და ეზოებში შეჭრილი ტერასებით - ეს ნაგებობები სწორედ ამერიკული პრერიების, ანუ „ბრტყელი მიწების“ პეიზაჟების თავისებურებას პასუხობს.
განსაკუთრებით ნათლად ჩანს ბუნებასთან კავშირის პრინციპი განთქმულ „კაუფმანის სახლში“, (იგივე „სახლი ჩანჩქერზე“), რომლის დაგეგმარებაც და ფორმებიც იმდენად ზუსტად პასუხობს ურთულესი რელიეფის პირობებს, რომ სხვა ადგილზე ასეთი სახლი უბრალოდ ვერ აშენდება. რაიტის მიერ დაარსებული მიმდინარეობის, „ორგანული არქიტექტურის“ ძირითადი არსიც სწორედ გარემოსთან კავშირში მდგომარეობს. „შეისწავლეთ ბუნება, გიყვარდეთ ბუნება, ახლოს იყავით ბუნებასთან და იგი არასოდეს გიღალატებთ“ - ამბობდა რაიტი.[8]
რასაკვირველია, რაიტი არ იყო პირველი არქიტექტორი ისტორიის მანძილზე, რომელიც თავის ნაგებობებს იდეალურად უხამებდა რელიეფისა და პეიზაჟის თავისებურებებს, ამ პრინციპის განხორციელებას ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნებში უძველესი დროიდან დღემდე. მაგრამ სამაგიეროდ რაიტი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც ეს პრინციპი თეორიულად ჩამოაყალიბა და თავისი მიმდინარეობის განმსაზღვრელ მიდგომად დასახა.
როგორც ვხედავთ, XX-XXI საუკუნეების არქიტექტურა, კერძოდ კი  მისი ეკოლოგიური და ორგანული მიმდინარეობები, თავისი ხასიათით და პრიორიტეტებით კარგად შეესაბამება საზოგადოების ცნობიერებაში მომხდარ იმ მნიშვნელოვან გარდატეხას, რომელიც ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობისა და ურთიერთკავშირის სრულიად ახლებური გაგების ჩამოყალიბებაში გამოიხატა. თანამედროვე ხელოვნება, მეცნიერება, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები - პრაქტიკულად, ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო ამჟამად უკვე ახალ ჭრილში  - ბუნებასთან, ჩვენს საერთო სახლთან კავშირში მოჩანს და ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ თანამედროვე მედიის საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.


[1] Mark Neuzil. The Environment and the Press: From Adventure Writing to Advocacy. Evanston: Northwestern University Press, 2008

[2] James Simon , JoAnn Myer Valenti , David B. Sachsman, Environment Reporters in the 21st Century, Transaction Publishers, 2010

[3] Vitruvius: Ten Books on Architecture, Cambridge University Press (2001)
[4] ВИА, т. I, Госиздат  по строительству, архитектуре и строительным материалам, М., 1958, XII.
[5] M.E.Reynolds, Earthship: system and components, (Taos, New Mexico, 1991)
[6] Senosiain, Javier. Bio-Architecture ,  México, Editorial Limusa.
[7] Tzonis, Alexander. Santiago Calatrava: The Poetics Of Movement. Universe, 1999
[8] Wright, Frank Lloyd. The Future of Architecture. New York: Horizon Press, 1953.